VanillaSky.Ge
                                        

სვანეთი  ულამაზესი მხარეა  არა მარტო  საქართველოსა  და კავკასიაში,  არამედ მთელს ევროპაში. საოცარია  აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები,  აზალის საძოვრები, საიდანაც  შუა საუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადმოჰყურებენ,  ხოლო ფრიალო კლდეებში  ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი  ნამდვილი საჩუქარია  ლაშქრობის მოყვარულთათვის,  აგრეთვე ალპინისტების,  სამთო-სათხილამურო  სპორტის სახეობებისა  და ექსტრემალური  დასვენების  მოყვარულთათვის.  აქ მრავლად  შეხვდებით  შუაფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ  ძეგლებს,  სალოცავებსა  და  ეკლესიებს,  შუა საუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამდენიმე მუზეუმში. 

სვანეთი მდებარეობს  მდინერეების,  ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. მას  სვანეთის ქედი ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში (მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია),   ხოლო ქვემო სვანეთი,   მდინარე   ცხენისწყლის ხეობაშია.
სვანეთში  თავმოყრილია კავკასიონის უმაღლესი  მწვერვალები: შხარა (5068 მ),  ჯანღა (5060 მ.), გესტოლა (4860მ),  თეთნულდი  (4860 მ),  წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბის კლდოვანი მასივი (4700 მ).

მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე  ვრცელდება.  აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია უნიკალური ჯიშის ქართული ენდემები - ქართული მუხა,  კავკასიური რცხილა,  ცაცხვი,  მთის ნეკერჩხალი  და სხვა.


სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი,  რომელზეც  ჩვენ ქვემოთ დაწვრილებით გვექნება საუბარი.