VanillaSky.Ge
                                        

გელათი  _  ხუროთმოძღვრების შესანიშნავი  რესტავრირებული  ძეგლი,  შუა  საუკუნეების  საქართველოს  სულიერი  და  სამეცნიერო  ცხოვრების  ცენტრი,  ქართველ  მეფეთა  საგვარეულო  საძვალე,  მომლოცველთა  საკულტო  ადგილი.

გელათი  ქუთაისიდან  11  კმ-ის  დაშორებით მდებარეობს  და  დაცულია  იუნესკოს  მიერ,  როგორც  მსოფლიო  მემკვიდრეობის  კულტურული  და  ისტორიული ობიექტი.

გელათის  საერთო  დასახელების  ქვეშ  იგულისხმება  კარგად  შემონახული  ისტორიული  არქიტექტურული  კომპლექსი,  რომლის  შემადგენლობაში  შედიოდა  უძველესი  მონასტერი, სამრეკლო,  ეკლესია  და  1106  წელს,  დიდი  მეფის,  დავით  აღმაშენებლის  მიერ  დაარსებული  გელათის  აკადემია.   ამგვარად,  გელათი  გახლდათ  არა  მარტო  ქვეყნის  სასულიერო  ცენტრი,  არამედ  კულტურის,  ისტორიისა  და  მეცნიერების  უდიდესი  კერა.  დავით  აღმაშენებელს  სურდა  შეექმნა  ძლიერი  საგანმანათლებლო  ცენტრი  და  ამიტომ,  გელთის  აკადემიაში  მოიწვია  იმ  დროის  გამოჩენილი  ქართველი  მეცნიერები.  გელათში  არსებობდა  მდიდარი  ბიბლიოთეკა,  აკადემიაში  მეცნიერები  ასწავლიდნენ  ახალგაზრდებს  და  სამეცნიერო  მოღვაწეობაც  ჩქეფდა.

კომპლექსის  მთავარი  ნაგებობა  გახლავთ  ღვთისმშობლის  მიძინების  ეკლესია.

ამ  ტაძარში  შემონახულია  XII-XVIII  საუკუნეების  გელათის  საყოველთაოდ  ცნობილი  მოზაიკები  და  ფრესკები.  განსაკუთრებულ  ფასეულობას  წარმოადგენს  ღვთისმშობლის  ფრესკები.  ტაძრის  ჩრდილოეთ  კედელზე  გამოსახულია  დავით  აღმაშენებლის  ფრესკა. ამას  გარდა,  გელათის  კომპლექსში  შედის  წმინდა  გიორგის (XVIII ს.)  ჯვარგუმბათოვანი  ეკლესია,  რომელიც  გახლავთ  გელათის  ძირითადი  ტაძრის  შემცირებული  ასლი.  ეკლესია  მოხატულია  XVI  საუკუნის  ფრესკებით.  ანსამბლში  ასევე  შედის  წმინდა  ნიკოლოზ  სასწაულმოქმედის  (XIII ს.)  ორსართულიანი  ეკლესია.

...  აი,  ასეთი  გახლავთ  გელათის  მოკლე  ისტორია.  XII საუკუნუიდან   XIV  საუკუნემდე  მონასტერი  სამეფო ოჯახის  საკუთრება  გახლდათ.

მეფე  დავითმა მონასტერს  გადასცა  უზარმაზარი ადგილ-მამული,  უამრავი საგანძური  _  მტერთან  ომებში  მოპოვებული  ალაფი.  მონასტერში  ბინა  დაიდო  ისეთმა  ქრისტიანულმა  სიწმინდეებმა,  როგორებიცაა  ხახულის ღვთისმშობლის  ხატი და  აწყურის  ღვთისმშობლის  ხატი, ასევე  უძველესმა  ხელნაწერებმა  და  სხვა  რელიკვიებმა.

მეფე  დავითის  ბრძანებით, მონასტერში  მოეწყო  სამეფო  გვარის   საძვალე.  აქ  დაკრძალულია   გაერთიანებული  საქართველოს  თითქმის  ყველა  მეფე:  დემეტრე  I,  გიორგი  III  და  სავარაუდოდ,  თამარ  მეფეც.

დავით  აღმაშენებელმა  ანდერძად  დაიბარა,  ისეთ  ადგილას  დაეკრძალათ,  რომ  ტაძარში  შემსვლელ  ნებისმიერ  ადამიანს  მის  საფლავზე  ფეხი  დაედგა.  გადმოცემის  თანახმად,  მეფე  ინანიებდა  ცოდვას  თავისი  სიამაყის  გამო.  ანდერძი  ასრულდა  _  მეფე  დავითი  დაკრძალულია  ტაძრის  აღმოსავლეთ  კარიბჭესთან  და  ტაძარში  შემსვლელები  მის  სამარხს  ფეხს  ადგამენ.  მონასტერში  ასევე  დაკრძალული  არიან  იმერეთის  მეფეები,  ვინაიდან  ერთიანი  საქართველოს  დაშლის  შემდეგ,  კომპლექსი  მათ მფლობელობაში  გადავიდა.

1410  წელს,  გელათი  გადაწვეს  თურქმა  დამპყრობლებმა.  ამის  შემდეგ,  იმერეთის  მეფეებმა,  ბაგრატ   III-მ  და  გიორგი  II-მ   მონასტერი  ძირფესვიანად  შეაკეთეს.  XVI  საუკუნის  მეორე  ნახევრიდან,  კათოლიკოსის  რეზიდენცია  ბიჭვინთიდან  გელათში  გადმოიტანეს  (XIX  საუკუნემდე).  XVII  საუკუნეში  მონასტერში  თავიდან  ჩატარდა  მასშტაბური  სარესტავრაციო  სამუშაოები.  როდესაც  იმერეთის  სამეფო  რუსეთს  შეუერთდა,  გელათი  სახელმწიფოს  საკუთრება  გახდა.