VanillaSky.Ge
                                        

ისტორიულ  საქართველოში,  მაღალი  მთებისა  და ქვიანი  კლდეების  ქვეყანაში,  ჩამოყალიბდა  არქიტექტურული  ხელოვნების  განსაკუთრებული  სახეობა _ კლდის  მონოლითში  გამოკვეთილი  ტაძრები,  ციხესიმაგრეები  და  ქალაქებიც  კი.  ასეთი  უნიკალური  ხუროთმოძღვრების,  უდიდესი  ქართული  ძეგლების  ობიექტებია  ქალაქი  უფლისციხე,  სამონასტრო  კომპლექსი  დავით  გარეჯი  და  უძველესი,  საოცარი  ქალაქი  ვარძია.

ვარძია  ახალქალაქიდან  18-კმ-ითაა  დაშორებული  და  თურქეთის  საზღვართან  ახლოს  მდებარეობს.  ქალაქს  საფუძველი  ჩაეყარა  XII-XIII  საუკუნეებში,  საქართველოს  სამხრეთი  საზღვრების  დასაცავად,  გიორგი  III-ისა  და  მისი  ქალიშვილის,  თამარ  მეფის მმართველობის  დროს.

ვარძია  არ  გახლავთ  კლდეში  ქაოსურად  ამოთხრილი  გამოქვაბულებიანი  ქალაქი.  ეს  არის  ნამდვილი,  მრავალსართულიანი  კომპლექსი,  ქუჩებით,  გვირაბებითა  და  კიბეებით,  რომლითც  შეგიძლიათ  მოხვდეთ  მონასტერში,  ტაძარში,  ციხესიმაგრეში,  აბანოში,  ბიბლიოთეკაში,  საცხოვრებელ  ნაგებობებში.  სულ  600-ზე  მეტი  შენობაა,  რომელიც  800  მეტრის  სიგრძეზეა  მთის  გასწვრივ  გადაჭიმული  და  დაახლოებით  რვასართულიანი  სახლის  შესატყვისია.

მტრის  თავდასხმის  შემთხვევაში,  მონასტერს  შეეძლო  შეეკედლებინა  20.000  მშვიდობიანი  მოსახლე,  ხოლო  ქართველი  მეომრები  სამი  საიდუმლო  გვირაბის  გავლით,  მშვიდად  და მოულოდნელად  ალყაში  აქცევდნენ  მტერს  და  ანადგურებდნენ.

გამოქვაბულიანი  კომპლექსი  ვარძია,  თავდაცვითი  ფუნქციის  გარდა,  სულიერ  ფუნქციასაც  ასრულებდა,  როგორც  ქრისტიანული  მონასტერი,  რომლის  ცენტრშიც  გამოკვეთილი  იყო  ღვთისმშობლის  მიძინების  დიდი  ტაძარი.   ტაძარში  დღემდე  შემორჩენილია  XII  საუკუნის  შესანიშნავი  ფრესკების  ფრაგმენტები,  მათ  შორის,  საქართველოს  მეფეების,  გიორგი  III -ისა  და  თამარის  ფრესკები.  ერთ-ერთი  ვერსიით,  თამარ  მეფე,  სწორედ  ვარძიაშია  დაკრძლული  და  რომ  ვანდალებს  მისი  საფლავი  არ  ეპოვათ  და არ  აეოხრებინათ,  თბილისიდან  ერთდროულად  რვა  სამგლოვიარო  პროცესია  გაემართა  ქვეყნის  სხვადასხვა  კუთხეში,  მათ  შორის  გელათისა  და   ვარძიის  მიმართულებით.

XIII  საუკუნეში,  1283  წელს,  ვარძია  დააზიანა  მძლავრმა  მიწისძვრამ,  რა  დროსაც  კლდეს  მოსწყდა  და  მტკვარში  ჩავარდა  15-მეტრიანი  შრე.  ვარძიას  ასევე  ზიანი  მიაყენა  მე-13  საუკუნეში  მონღოლთა  შემოსევამ,  სპარსელებისა  და  XVI-XVII  საუკუნეებში  თურქების  თავდასხმამ,  რის  შედეგადაც  ვარძია  დაიცალა.  1828  წელს, ჯავახეთი  რუსეთის  ჯარმა  მტრისგან  გაათავისუფლა  და  ვარძიაში  კვლავ  გაჩნდა  სიცოცხლის  ნიშანწყალი.  საბჭოთა  პერიოდში  მონასტრული  ცხოვრება  შეწყდა  და აღსდგა  მხოლოდ მე-20  საუკუნის  80-იან  წლებში.

ამჟამად,  ვარძიის  მამაკაცთა მონასტერში  15-მდე  ბერი  ცხოვრობს.  1938  წელს  ვარძიას მიენიჭა  მუზეუმი-ნაკრძალის სტატუსი.