VanillaSky.Ge
                                        

ბალნეოლოგიური   კურორტი  ბორჯომი  მდებარეობს  სამხრეთ-აღმოსავლეთ  საქართველოში,  მდინარე  აგურას  ხეობაში,  ზღვის  დინიდან  800 მ.  სიმაღლეზე.

ეს  თვალწარმტაცი  ადგილი დაფარულია   წიწვოვანი  ტყეებითა  და  ფოთლოვანი  ხეებით,  გარშემორტყმულია  კავკასიონის  მთებით.

განსაკუთრებულად  ცნობადი  ბორჯომი  მისმა უნიკალურმა  მინერალურმა  წყალმა  გახადა.  პირველად,  ბორჯომის  მინერალური  წყალი  მე-15  საუკუნეში  ახსენეს,  მაგრამ  ფართო  აღიარება  მოიპოვა  ოთხი  საუკუნის  შემდეგ,  როცა  მინერალურმა  წყალმა დაავადებისგან  განკურნა  რუსეთის  მეფის  ნაცვალის,  ევგენი  გოლოვინის  ქალიშვილი.  ერთ-ერთ  წყაროს,  ქალიშვილის  პატივსაცემად,  მისი   სახელი,   ეკატერინიისკი   დაარქვეს,   მეორეს  კი,  მამის  სახელი,  ევგენიევსკი.

მინერალური  წყლით რომანოვების  სახლიც  დაინტერესდა.  მეფის  ბრძანებით,  აქ  გაიხსნა  ბორჯომის  მინერალური  წყლის პირველი  ჩამოსასხმელი  ქარხანა.  პირველი  ბოთლები  დაამზადეს  გამჭვირვალე  ბროლისგან,  მოგვიანებით კი  შემოიღეს  მუქი  ბოთლები.  ბორჯომის  მინერალური  წყლით  სავსე ბოთლს  ათავსებდნენ  ლერწმის  `შალითაში.~  ბოთლებზე  აღბეჭდილი  იყო  ქარხნის  ბეჭედი.  პირველი  ბოთლებისა  და  ეტიკეტების  ნიმუშები  დაცულია ბორჯომის  მხარეთმცოდნეობის  მუზეუმში.

მინერალური  წყალი `ბორჯომი~  დიდი  ხანია  იქცა  ბრენდად,  საქართველოს  სავიზიტო  ბარათად.  დამტკიცებულია  მისი  სასარგებლო  და  სამკურნალო  თვისებები,  რაც  დადებითად  მოქმედებს  საჭმლის  მოსანელებელ  სისტემაზე,  ნივთიერებათა  ცვლასა  და  ორგანიზმის  იმუნიტეტზე.  დღესდღეობით,  მინერალური წყალი  `ბორჯომი~  მსოფლიოს  30-ზე  მეტ  ქვეყანაში  იყიდება.

მინერალური  წყლის  მთავარი  წყარო  მდებარეობს  ბორჯომის ცენტრალურ  პარკში,  სადაც  ნებისმიერ  მსურველს  შეუძლია  მისი  დალევა.  ბორჯომში  განთავსებულია  ათეულობით  გამაჯანსაღებელი  დაწესებულება,  რეკრეაციული  კომპლექსები,  სანატორიუმები  და  დასასვენებელი  სახლები.  ყოველი  მათგანი  ცენტრალური  პარკის  სიახლოვესაა.  ბორჯომის  განახლებული  ცენტრალური   პარკი  2005  წელს  გაიხსნა. მის  გახსნას  დაესწრნენ საქართველოსა  და  უკრაინის  პრეზიდენტები.

ბორჯომის  ყველა  სასტუმრო  და  სანატორიუმი  გთვაზობთ  სამედიცინო  მომსახურებას,  კლინიკურ-დიაგნოსტიკურ  პროცედურებს,  გოგირდისა  და  მინერალური  წყლების  სამკურნალო აბაზანებს.  სასტუმროში  ცხოვრების  ფასი, დღე-ღამეში  60-დან  200  აშშ  დოლარამდე  მერყეობს.  ამ  ფასში  შედის  სამჯერადი  კვება,  აუზი,  ფიტნეს-დარბაზი,  ბილიარდი  და  სხვა  მომსახურება.  კერძო  სახლებსა  და  სასტუმროს  ტიპის  სასტუმროებში  ცხოვრება  ბევრად  იაფი  ჯდება,  დაახლოებით 20-50  აშშ  დოლარი,  მაგრამ  ამ  ფასში  კვება  არ  შედის. ბორჯომში  ასეთი  ტიპის  ორ  ათეულზე  მეტი  სასტუმროა.  ამჟამად  შენდება  ახალი სასტუმროები,  აახლებენ  გზებს,  წყალმომარაგების  სისტემას  და  ეს ყველაფერი  თქვენთვის  კეთდება,  ბორჯომის  სტუმრებო!

ბორჯომის  ადმინისტრაციულ  ცენტრში  მოქმედებს  ტურისტული  ინფორმაციის  ცენტრი,  სადაც  შეგიძლიათ  შეიძინოთ  ამ  რეგიონის  რუკა,  შეიტყოთ  ცნობები  ტურისტული  მარშრუტებისა  და  ტურების  შესახებ.  აქვე,  თქვენი  სურვილისა  და  შესაძლებლობების  გათვალისწინებით,  სათანადო  სასტუმროსაც  შემოგთავაზებენ.

თანამედროვე  ბორჯომი,  საქართველოს ერთ-ერთი  ყველაზე  პოპულარული  კურორტია,  რომელიც  მისაღებია  ეკოტურიზმისა  და  ოჯახური  დასვენებისთვის. ადგილობრივი  სტატისტიკით,  ბორჯომს  ძირითადად  სტუმრობენ  ტურისტები  დსთ-დან,  ისრაელიდან,  პოლონეთიდან  და  გერმანიიდან.

ბორჯომის  ხეობა  მდიდარია  არქიტექტურული  და  ბუნებრივი  ღირსეშანიშნაობებით.  აქ  არის  ქრისტიანული  კულტურის  რამდენიმე  საუკუნოვანი   არაერთი   ძეგლი.  ტურისტებსა  და  დამსვენებლებს  შეუძლიათ  მოინახულონ  წმინდა  გიორგის  მონასტერი,  წმინდა  სპირიდონის  მონასტერი  (X ს.),  პატარა  სოფელ  დაბაში,  კლდეში  ამოკვეთილი,  1333  წელს  აგებული,  ქართული  ორნამენტებით  დამშვენებული   წმინდა  გიორგის  ეკლესია. 

ბორჯომის  ხეობაშია  ტიმოთესუბნის (XII ს.) ღვთისმშობლის მიძინების  ტაძარი.  ყოველი  წლის  28  აგვისტოს,  ამ  ტაძარს  უამრავი  ქრისტიანი  მომლოცველი  სტუმრობს.