VanillaSky.Ge
                                        

ღრმა ხევებით დაღარული ეს ულამაზესი მხარე კავკასიონის ბუმბერაზ მთებშია მოქცეული. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ორ ნაწილად ჰყოფს, რომელთაც პირიქით და პირაქით ხევსურეთს უწოდებენ. პირიქითი ხევსურეთი შედგება არდოტის, შატილისა და არხოტის ხეობებისაგან. პირაქეთ ხევსურეთს კი არაგვის ხეობა შეადგენს. ხევსურეთს აღმოსავლეთით ჩეჩნეთი და თუშეთი, დასავლეთით - ხევი და მთიულეთი, ჩრდილოეთით - ქისტეთი, სამხრეთით კი ფშავი ესაზღვრება. დასავლეთ ხევსურეთის მთის კალთები ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, აღმოსავლეთ ხევსურეთი კი მდიდარია ყვავილოვანი მცენარეებით აჭრელებული სუბალპური და ალპური მდელოებით. ხევსურეთის ფოლკლორი უნიკალური და განუმეორებელია. ჩვენ ხევსურულ ხალხურ პოეზიაზე და ხალხურ მუსიკალურ შედევრებზე, ქართულ (ეროვნულ) ტანსაცმელზე, შეუდარებელ ხევსურულ ცეკვაზე და განუმეორებელ ქართულ ცივ იარაღზე თუ მის უნიკალურ თვისებებზე, ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებთ. 
ამ უმშვენიერეს მიდამოებში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია, რაზედაც ბრინჯაოს ხანის აქ აღმოჩენილი ნივთებიც მოწმობენ. ხევსურეთში მრავლადაა წარმართული კერპების სამლოცველოები. 
ხევსურეთის სიამაყეა მიუვალ კლდეზე შეფენილი სოფელი შატილი, რომელსაც გარესამყაროსთან ერთადერთი ბილიკი აკავშირებს. აქაური სახლები კოშკებს წარმოადგენენ, რომლებიც ერთგვარ თავდაცვით კედელს ქმნიან.