VanillaSky.Ge
                                        

ქალაქ  გორიდან  10 კმ-ის  მანძილზე,  მდინარე  მტკვრის  ნაპირზე  მდებარეობს  მსოფლიოს  ერთ-ერთი   იშვიათი ძეგლი  _  კვერნაკის  ქედის  ვულკანურ  კლდეებში გამოკვეთილი  უძველესი  ქალაქი-სიმაგრე,  უფლისციხე.  პირველი  მონაცემები  მის  შესახე  ცნობილი  გახდა  ჩვ.  წელთაღრიცხვამდე  I  საუკუნის  მატიანეს  წყალობით,  ხოლო  მისი  აყვავება  უკავშირდება  IX-X  საუკუნეებს.

 კლდოვანი  ქალაქი თვისი  უჩვეულო  ხედით,  ადამიანს  შორიდანვე  აჯადოებს.  კომპლექსის გამოქვაბულებში  ოდესღაც  სიცოცხლე დუღდა  _  უზარმაზარი  დიდებული  დარბაზები,  ტაძრები, საცხოვრებლები,  რომლებიც  ერთმანეთს  მიხვეულ-მოხვეული  ქუჩა-დერეფნებით  უკავშირდებოდა.  ძნელი  დასაჯერებელია,  რომ ეს  ტიტანური  ქვის  ქალაქი  ადამიანის  ხელმა  შექმნა.

კლდეში  გამოკვეთილი   რამდენიმე  ასეული  ნაგებობა-ტაძარი,  საზოგადოებრივი  შენობები,  სახლები,  ქუჩები,  მოედნები  და  ა.შ.  მიუხედავად  უფლისციხის  მშენებლობის  არასტანდარტულობისა,  შენობები  ზუსტად   ისეთივეა,  როგორიც  მიწისზედა  არქიტექტურის  ნიმუშები,  თვისი  სვეტებით,  კაპიტელებით,  თაღებით და  ა.შ.  ქალაქს  ირგვლივ  არტყია  დამცავი  თხრილი.

კლდოვან  ქალაქში  შემორჩენილია  თამარ  მეფის  მისაღები,  ორსვეტიანი  საოცარი  დარბაზი,  თაღოვანი   ნიშებითა  და  უზარმაზარი  პილონებით.  იგი  გამოირჩევა  თვისი  ზომით, სრულყოფილი  ტექნიკური  შესრულებითა  და  დახვეწილი  არქიტექტურული  ფორმით.  გადარჩენილია  მხოლოდ  ზოგი  საცხოვრებელი  ნაგებობა,  მარანი,  ტაძრისა  და  გალავნის  ნაწილი,  მიწისქვეშა  საიდუმლო  გვირაბი,  რომლის  საშუალებითაც  უფლისციხე  წყლით  მარაგდებოდა. 

უფლისციხე  გახლდათ  საკულტო  ტაძრის  ქალაქი,  საქართველოში  ქრისტიანობის  მიღებისას   (IV ს.)   მსხვილი კერპთაყვანისმცემლური  ცენტრი.  აქ  ტარდებოდა სხვადასხვა  კერპთაყვანისმცემლური  რიტუალები,  ქრისტიანობის  გაბატონების  შემდეგ  კი,  უფლისციხეში  ეკლესიების  მშენებლობა  დაიწყეს.

XIII  საუკუნეში,  საქართველოში  ჩინგიზ-ყაენის  ურდოს  თარეში  შედეგად,  უფლისციხე  დაეცა.  XIX საუკუნეში  კი,  მთლიანდ  დაიფარა  მიწისა  და  ქვიშის  ფენით.  მე-20  საუკუნის  მეორე  ნახევარში,  მის  გადასარჩენად  და  აღსადგენად  უამრავი  სპეციალისტი  მუშაობდა  _  იქურობას  წმენდნენ,  ამაგრებდნენ,  უტარებდნენ  რესტავრაციას.

ქართული  კულტურის  უნიკალური  ძეგლი,  უფლისციხე  შეტანილია  იუნესკოს  ისტორიული  ძეგლების  დაცვის  ფონდში.