VanillaSky.Ge
                                        

თელავიდან  20-კმ-ის  დაშორებით  მდებარეობს  კახეთის  წმიდათაწმიდა  ადგილი,  შუა  საუკუნეების  საქართველოს  ერთ-ერთი   უდიდესი  კათედრალური  ტაძარი,  ალავერდი.  ტაძარი  აიგო  XI  საუკუნის  დასაწყისში  და  თავისი  დროის  ერთ-ერთი  ყველაზე  მაღალი  ნაგებობაა.   იმ ადგილას  მანამდე  არსებობდა  წმინდა  გიორგის  პატარა  ეკლესია  და  ამიტომ,  ტაძარს  დღესაც  წმინდა  გიორგის  სახელს  უწოდებენ.

ალავერდის  ტაძარი  არაერთხელ  ააოხრა  მტერმა.  პირველი  რესტავრაცია  მას  XV  საუკუნეში  ჩაუტარდა,  მეორე  კი,  XVIII  საუკუნეში,  როდესაც  ტაძარი  ძლიერმა  მიწისძვრამ  დააზიანა.  რესტავრაცია-აღდგენამ  მცირედ  შეცვალა ტაძრის  იერი,  თუმცა  იგი   შუა  საუკუნეების  საქართველოს  უნიკალური  ხუროთმოძღვრების   ნიმუშადაა  აღიარებული.

ალავერდი  წარმოადგენს  არქიტექტურულ  ანსამბლს,  რომელსაც  ირგვლივ  გალავანი  აქვს  შემორტყმული.  ანსამბლში  შედის  შუასაუკუნოვანი  სატრაპეზო,  სამრეკლო, საზაფხულო  სასახლე.  ტაძრის  მთავარი  შენობა  მართკუთხედის  ფორმისაა.  შთამბეჭდავია ტაძრის  არამარტო  გარეგნული  მხარე.  ტაძრის  ისედაც  გრანდიოზულ  შიდა  სივრცეს  უფრო ზრდის  თაღის  სიმაღლე.

ალავერდის  ტაძარში  შემონახულია  XI,  XV  და  XVII  საუკუნეების  კედლის  ფერწერის  ფრაგმენტები.  XVII-XVIII  საუკუნეებში, ალავერდში  ფუნქციონირებდა  ქალთა  მონასტერი,  სადაც  ცხოვრობდნენ   მონაზნად  აღკვეცილი  სამეფო   გვარის  ქალები.