VanillaSky.Ge
                                        

ქალაქ  რუსთავიდან  25  კმ-ის  დაშორებით  მდებარეობს  საქართველოს  კიდევ  ერთი  თვითმყოფადი ძეგლი _ დავით  გარეჯის კომპლექსი,  რომელიც  ტოლს არ  უდებს  ისეთ  ძეგლებს,  როგორებიცაა  კლდეში  ნაკვეთი  ვარძია  და  უფლისციხე, სვანეთის  სოფელი  უშგული.  დავით  გარეჯი  მთელ  მსოფლიოშია  ცნობილი,  როგორც  უნიკალური,  საოცარი  ძეგლი.

დავით  გარეჯის  კომპლექსში  შედის  კლდეში  ნაკვეთი  ასობით შენობა-ტაძარი,  სენაკები, საწყობები, ოთახები  და  ა.შ.  დავით  გარეჯის  კომპლექსი  გარე  კახეთში  მდებარეობს, გარეჯის  ქედის კალთების  გასწვრივ  25  კმ-ზეა   გადაჭიმული  და  დიდებულ  სანახაობას  ქმნის.  დავით  გარეჯში  აღმოჩენილია  სხვადასხვა  დროს  აგებული  14  სამონასტრო  ანსამბლი  _  დავითის  ლავრა,  მოხატული,  წამებული, ნათლისმცემელი,  დოდოს  რქა  და  სხვა.  კომპლექსის  ისტორიულ  დასაწყისად  მიჩნეულია  VI  საუკუნის  პირველი  ნახევარი,  როდესაც  13  ასურელ  მამათაგან  ერთ-ერთი,  სახელად  დავითი  (იგი  და  მისი  მოწაფეები, აქვე,  დავით  გარეჯში  არიან  დაკრძალული)  დასახლდა  გარეჯის  ბუნებრივ  გამოქვაბულში,  მცირე  ზომის  ხეობის კალთაზე  და  ძალიან მალე  იქვე  დააარსა  პატარა  მონასტერი-ლავრა.  იმავე   VI  საუკუნეში,  მისმა  მოწაფეებმა,  დოდომ  და  ლუკიანემ  საფუძველი  ჩაუყარეს  კიდევ  ორ  მონასტერს  _  დოდოსრქისა  და  ნათლიმსცემლის  მონასტრებს.

IX   საუკუნეში,  დავითის  ლავრაში  მოაწყვეს  ტერასული  ეზო,  ააშენეს  ახალი  სენაკები,  სატრაპეზო  და  ეკლესია,  შემდეგ  კი,  აუზი,  არხები  და  რეზერვუარები.  განსაკუთრებული  აღმშენებლობა დავით  გარეჯში  მიმდინარეობდა  XI-XIII  საუკუნეებში. ამ  დროს  აიგო  ახალი  მონასტრები  _  უდაბნო,  ბერთუბანი  და  ჩიჩხიტური.  ეს  პერიოდი  დაემთხვა  საქართველოს  გაერთიანებას,  ეკლესიები  მოიხატა  შესანიშნავი  ფრესკებით,  რომლებშიც  აღბეჭდილია  რელიგიური  სიუჟეტები,  იგრძნობა  უჩვეულო  კოლორიტი  და  განსაკუთრებული  ტექნიკითაა  შესრულებული. ზოგ  ფრესკაზე  ასახულია  ისტორიული  პირები:  დავით  აღმაშენებელი  (ნათლისმცემლის  ეკლესია),  თამარ  მეფე  (ბერთუბანი),  დიმიტრი  თავდადებული  (უდაბნო).  XII  საუკუნეში  დავით  გარეჯი  გადაიქცა  აღმოსავლეთ  საქართველოს  კულტურულ-განმანათლებელ  ცენტრად.  XIII  საუკუნეში,  საქართველოზე  თავდასხმის  დროს,  მონღოლმა  ბარბაროსებმა  მონასტრები  დაანგრიეს  და  გაძარცვეს.

თავისი  არსებობის  მანძილზე,  დავით  გარეჯის  სამონასტრო  კომპლექსი  არაერთხელ  ააოხრეს,  მაგრამ  მან  გაუძლო  ამ  გასაჭირს  და  არსებითი  როლი  შეასრულა  ქვეყნის  სულიერ  განვითარებაში.  უკანასკნელად,  კომპლექსი  XVIII  საუკუნეში  აღადგინეს,  კვლავ  ამოქმედდა  ტაძრები,  სატრაპეზო,  საგანმანათლებლო  ცენტრი,  მაგრამ  უკვე  XIX  საუკუნეში,  როდესაც  საქართველოს  ქალაქებში  გაჩნდა  სასულიერო  და  საერო სკოლები,  დავით  გარეჯმა  თავისი  მნიშვნელობა  დაკარგა  და  საუკუნის  მეორე  ნახევარში,  მონასტრები  თითქმის  დაიშალა.

საყურადღებოა,  რომ დავით  გარეჯში  დაცული  იყო  უდიდესი სიწმინდე  _  დავითის  მიერ  იერუსალიმიდან  ჩამოტანილი  ქვა. იერუსალიმთან  მიახლოებისას,  დავითი ისეთმა  უცნაურმა  შეგრძნებამ  შეიპყრო,  რომ  ქალაქში  შესვლა  ვერ  გაბედა,  მხოლოდ  3  ქვა  აიღო  და  უკან  გამობრუნდა.  იმავე  ღამეს  მეფეს  დაესიზმრა,  რომ  ვინმე  უცნობმა  იერუსალიმიდან  გაიტანა  მთელი  მათი სულიერი  სიძლიერე.  ჯარისკაცები  დაედევნენ  დავითს  და 2 ქვა  წაართვეს,  მესამე  ქვა  კი,  მან  საქართველოში  ჩამოიტანა.  ამჟამად  ეს  ქვა, იერუსალიმის  სულიერი  სიძლიერის  მესამედი,  დაცულია  თბილისის  სიონის  ტაძარში  და  დავით  გარეჯში  ცერემონიების  დროს  ჩააქვთ.

დავით  გარეჯი,  სამშენებლო  ხელოვნების  უნიკალური  ნიმუში,  დღესაც  მოქმედი სამონასტრო კომპლექსია.  იგი   თავისი  გრანდიოზული  მასშტაბებით,  ისტორიული  და  მხატვრული  ღირებულებებით,  განსაკუთრებულ  ადგილს  იკავებს  საქართველოს  ფეოდალური  ეპოქის  მატერიალური  კულტურის  ძეგლთა  შორის.