VanillaSky.Ge
                                        

ღვინოს ოდითგანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართველების ცნობიერებაში. ღვინოს სვამდნენ ჭირშიც და ლხინშიც, სვამდნენ სამკურნალოდ და მხნეობის მოსამატებლად, სვამდნენ ურთიერთობის დასამყარებლად და მეგობრობის განსამტკიცებლად, ამა თუ იმ საქმის წამოწყების თუ კეთილად დასრულების, დაბადების დღის, ქორწილის თუ ნებისმიერი დღესასწაულის აღსანიშნავად, სვამდნენ დიდ ნადიმებზეც და საოჯახო სადილებზეც.

ღვინო ქართველებისთვის სასმელზე ბევრად მეტს ნიშნავს. მან გავლენა იქონია ქართველების ფილოსოფიაზე, მუსიკასა და არქიტექტურულ მოტივებზე.

დაბოლოს, როდესაც IV საუკუნეში წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას ხელთ ეპყრა საკუთარი თმებით შეკრული „ჯვარი ვაზისა“. ქრისტიანულ სამყაროში მხოლოდ საქართველოში გვხვდება ქრისტიანობის ამგვარი სიმბოლო.

საზოგადოდ აღიარებულია, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ამას ამტკიცებენ არქეოლოგები, ეთნოგრაფები, ლინგვისტები, ისტორიკოსები, ბოლოს თავად მეღვინეები.

მთავარი არქეოლოგიური მტკიცებულება არის აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ შულავერთან აღმოჩენილი კულტურული ვაზის Vitis Vinifera-ს წიპწები, რომელთა ასაკი ძველი წელთაღრიცხვით VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება. ღვინის არსებობის უფრო ძველი ნიშნები არსად მსოფლიოში არ მოიპოვება.

საქართველოში მევენახეობის თითოეული მხარე ცნობილია მეღვინეობის ადგილობრივი, ტრადიციული მეთოდით. ეს მეთოდები დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა ადგილობრივ ჯიშებზე და ყურძენზე მორგებით. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კახური ტრადიციული მეთოდი.

კახური ტრადიციული ღვინის დასაყენებლად საჭიროა მწიფე, საღი ყურძენი და ღვინის ტრადიციული ჭურჭელი - ქვევრი. გაზაფხულის სითბოს დადგომამდე, დაახლოებით მარტის თვეში, ქვევრებს თავს ხდიან და იქიდან იღებენ კახურ ტრადიციულ ღვინოს, რომელიც თავისი თანამოძმეებისაგან გამოირჩევა ძლიერი ტანინებით, სხეულითა და მდიდარი არომატით.

ქვევრი დამახასიათებელი ფორმის თიხის გამომწვარი ჭურჭელია, რომელსაც ღვინის დასაყენებლად და შესანახად იყენებენ. ქვევრს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით მოიხსენებენ. კუთხის, ქვევრის ზომისა და სხვა თვისებების მიხედვით, მას შეიძლება ეწოდოს - ქვევრი, ჭური, ლაგვანი, ქვიბარი, ჩასავალი, ქოცო და სხვა.

ქვევრებით დაინტერესდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და აქ წარმოებული ქვევრები უცხოეთში გაიტანეს. ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ჯიშებისგან, მაგრამ ქართული ტრადიციული მეთოდით ჩინებულ ქვევრის ღვინოებს ამზადებენ.

საარაკოა ქართული, აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, რომელსაც 500-ზე მეტს ითვლიან. საქართველოს ისტორიის პატრიარქმა ივანე ჯავახიშვილმა შეაგროვა მათი სახელწოდებები, რომელთა შორის უამრავია ისეთი, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეში რომ გაუგონიათ - თავცეცხლა, ოქროულა, სანთელა, ღრუბელა, ღუდეშური, ყორნისთვალა, ჩიტისთვალა, მაჭკვატური, დევისთვალა, ბურძღალა, ფაჩხატა, მტრედისფეხა, მჟაველა, ფითნა...

მსოფლიოში ცნობილ 4000-მდე ვაზის ჯიშს შორის საქართველო ყველაზე მრავალი სახეობითაა წარმოდგენილი. ქართული ვაზის ჯიშთა სიმრავლე და მათგან ღვინის დამზადების სხვადასხვა მეთოდი განაპირობებს თანამედროვე ქართული ღვინის ასეთ მრავალფეროვნებას.

დღევანდელ საქართველოში უფრო გავრცელებულია დაახლოებით 80-მდე ვაზის ჯიში, რომლებიც გამოიყენება ღვინის წარმოებაში.