VanillaSky.Ge
                                        

მთელი საქართველო მეტყველებს მის დიდებასა და სიმდიდრეზე. წარსული დიდების უტყვი მოწმეა უამრავი ძეგლი: ადრეული ქრისტიანობის ეპოქის საკულტო ნაგებობანი _ კავკასიონის მთებში აღმართული  ეკლესია-მონასტრები.  საოცარია ამ მხარის ბუნების უნიკალური პეიზაჟები: მაღალი მთები, სწრაფი მდინარეები, მწვანე მდელოები, ფირუზისფერი ზღვა...  ახალს ვერაფერს ვიტყვით ქართველების უსაზღვრო სიმდიდრეზე:  ფრაზა `ქართული სტუმართმოყვარეობა~  ხომ ყველასთვის ცნობილია _მხიარული ქეიფი, ღვთაებრივი ღვინო დ ,რა თქმა უნდა, თამადისა და თანამეინახეების მიერ წარმოთქმული საოცარი სადღეგრძელოები.

ჭეშმარიტად, საქართველოში  ყველაფერი უნიკალური, თვითმყოფადი და ეგზოტიკურია. ეს გახლავთ უძველესი და მაღალი კულტურის ქვეყანა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის  და ეს ყველაფერი, ქართველებისთვის ისევე ღირებულია, როგორც მათი მიწა-წყალი, არაჩვეულებრივი, მდიდარი, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, მაგრამ ამაყი, შეუდრეკელი და დამოუკიდებელი.ქართგველებს ძალიან უყვართ თვისი ქვეყანა,  სიყვარულით საქართველოს უწოდებენ და იგი  დამსახურებულად მიაჩნიათ ამქვეყნიურ სამოთხედ. ამის დასტურად ისინი უძველეს ლეგენდასაც მოგიყვებიან: `როდესაც უფალი ადამიანებს საცხოვრებლად მიწებს უნაწილებდა, ქართველები თურმე ქეიფს გადაჰყვნენ, დაიგვიანეს და როცა მივიდნენ, მთელი მიწა უკვე დარიგებული დახვდათ. დაგვიანებით მისულმა ქართველებმა, უფლის შეკითხვაზე, აქამდე სად იყავით, რატომ დააგვიანეთო, ასე უპასუხეს:  ქეიფში დრო გაგვეპარა, ღვინოს ვსვამდით, უფალო, თქვენი, ჩვენი და მშვიდობის სადღეგრძელო შევსვითო. ღმერთს მოეწონა ქართველების ალალი პასუხი და თავისთვის შემონახული მიწის  ნაწილი მათ უბოძა.  უფლის თქმით, მისი ნაბოძები ქართველების მიწა მუდამ იარსებებს და თვისი სილამაზითა და დიდებით ყველას აღაფრთოვანებს...  უფლის სიტყვების ჭეშმარიტებაში ადვილად დარწმუნდებით, როდესაც საქართველოს ეწვევით.

საქართველოს სილამაზის აღწერა შეუძლებელია, მას მხოლოდ უნდა უმღერო. ასე მიაჩნიათ ქართველებს და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, უმღერიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას განუმეორებელი, მრავალხმიანი ჰანგებით.

საქართველოს პეიზაჟი გახლავთ წელიწადის ოთხი სეზონის უნიკალური ნაზავი. კავკასიონის მაღალი მწვერვალები თოვლითაა დაფარული, მთისწინეთში კი, შემოდგომის ნისლია გაბატონებული, მდინარეთა ხეობების გასწვრივ და მდელოებზე გაზაფხულის ყვავილები და ხეხილი ყვავის, და ბოლოს, ცხელი ზაფხული და მარადმწვანე პალმებით დაფარული შავი ზღვის სანაპირო. სულაც არ არის გასაკვირი, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ საქართველოს მდიდარი კულტურითა და მრავალფეროვნებით  შთაგონებული რუსი კლასიკოსები: პუშკინი, ლერმონტოვი, მაიაკოვსკი და სხვები.

საქართველო ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ისინი ჩამოდიან, რათა დატკბნენ  ბუნების სილამაზით _ გაჭვირვალე ჰაერით, უნიკალური წიწვოვანი მასივებით , თვალწარმტაცი მთის ტბებით, ალპური მდელოებით და სამკურნალო მინერალური წყაროებით. ისინი ათლიერებენ ადრეული ქრისტიანული კულტურის უნიკალურ ძეგლებს, მთელ მსოფლიოში განთქმულ კურორტებს _ ბათუმს, წყალტუბოს, სოხუმს, გაგრას, ბორჯომს... მათი ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. მხოლოდ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 300-მდე  მთის, ზღვისპირა, ბალნეოლოგიური და სამკურნალო ტალახის კურორტია.